საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს და მასზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.
როგორც პროკურორი კოკა კაციტაძე განმარტავს, გაფრთხილებულია ყველა სასაზღვრო პუნქტი, რათა მოხდეს საგამოძიებო სამსახურების ინფორმირება თევზაძის დაკავების მიზნით.
„ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, მას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთილი არ აქვს. მას აქვს საკმაოდ მძიმე ბრალდება წაყენებული, მას აქვს ორი მუხლი მიყენებული _ თვითმკვლელობამდე მიყვანა და სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტება ძალადობით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
ჩვენ ხელთ გვაქვს დაკავების განჩინება, რომელიც სასამართლოდან ავიღეთ. მიმდინარეობს ყოფილი პოლიციელის დაძებნის ღონისძიებები. ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, მას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ აქვს გადაკვეთილი. გაფრთხილებულია ყველა სასაზღვრო პუნქტი, რომ მისი გამოჩენის შემთვევაში მოხდეს საგამოძიებო სამსახურების ინფორმირება მისი დაკავების მიზნით“, _ აღნიშნა კაციტაძემ.