თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების _ კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილის ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრები შესაბამის უწყებებს სამძებრო სამუშაოების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გონიოში, ზღვაში დაკარგული ერთ-ერთი სამხედროს, იაგო შარაძის დედას, ელენე შარაძეს ტელეფონით ესაუბრა.
ჯარისკაცის დედა მოითხოვს, არ შეწყდეს სამძებრო სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ელენე შარაძე ამბობს, თავს მათ თვალწინ დაიწვავს.
"მინისტრმა მითხრა, რომ თურქულმა გემმა შეწყვიტა სამძებრო ღონისძიებები. ყველა ღონე იხმარეს, მაგრამ ვერ იპოვეს ცხედრები და თქვენი შვილი დაკარგულად ითვლებაო. არ მინდა შეგპირდეთ რამეს და იმედები გაგიცრუოთო. მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ ძებნის შეწყვეტის, უნდა გაგრძელდეს სამძებრო ღონისძიებები, სხვა ქვეყნის გემები ჩამოიყვანონ ამ ჩემი შვილის ცხედრის გარეშე ნაპირიდან ცოცხალი არ წავალ. უვადო შიმშილობას ვაცხადებ, სანამ მე შვილის ცხედარს არ ჩამაბარებენ. იმასაც თუ მივხვდები, რომ ყურადღებას არ მომაქცევთ, ბენზინს გადავისხამ და თქვენ დაგიძახებთ, რომ თქვენ წინ თავი დავიწვა“, _ განაცხადა იაგო შარაძის დედამ ელენე შარაძემ.