ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 69-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენეს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილის საკითხი და მოითხოვეს მისი უმოკლეს ვადაში გათავისუფლება.
საუბარი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დამონტაჟებული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებით გამოწვეულ ვითარებას შეეხო, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავების დროს განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და ცემის ფაქტებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს, მათ შორის საერთაშორისო მედიატორებს, დეტალური ინფორმაცია და ფაქტობრივი მასალა მიაწოდეს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე წლის 28 მაისს საქართველოს მოქალაქე ნიკა საღირაშვილის გაუჩინარების საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მუშაობა გრძელდება.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე წლის 28 მაისს საქართველოს მოქალაქე ნიკა საღირაშვილის გაუჩინარების საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მუშაობა გრძელდება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 28 სექტემბერს გაიმართება.