ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო ოპერაციების შეწყვეტასა და თავდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს წვრთნებს არასერტიფიცირებული ინსტრუქტორები ატარებდნენ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ამ ტრაგედიით სპეკულირება არასწორია.
კვირიკაშვილის განცხადებით, ძიება შეწყვიტა თურქულმა გემმა, რომელმაც მიიჩნია, რომ თავისი შესაძლებლობები ამოწურა.
"ძიება შეწყვიტა თურქულმა გემმა, რომელიც იყო ჩამოსული, ვინაიდან, მათი შეხედულებით, ამოწურეს იმ მომენტში შესაძლებლობები. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ძებნა და მაქსიმალური ძალისხმევა გავწიოთ იმისათვის, რომ ვიპოვოთ დაღუპული სამხედროები. ჩემთვის და ყველასთვის ეს არის უდიდესი ტრაგედია, ამიტომ ამ ტრაგედიით სპეკულირება, ჩემი აზრით, არასწორია. რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იქნას. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ სამხედროებისთვის, ვინც ერთად იყვნენ იმ მომენტში, ეს არის კიდევ უფრო დიდი ცხოვრების ტრაგედია. ჩემთვის ცნობილია, რომ დასისხლიანებულები ამოვიდნენ ისინი, ცდილობდნენ შველას, მაგრამ ვერ უშველეს. ყურის აპკები დახეთქილი და სისხლში გასვრილები ამოვიდნენ თვითონ ეს სამხედროები. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იქნას, მაგრამ ასეა, ჩვენ რა ვქნათ – ვართ იმ განვითარების საფეხურზე, სადაც ბევრი რამე არის მოსაწესრიგებელი, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ნორმატიული ბაზაც მოსაწესრიგებელია სამხედროების წვრთნის კუთხით, მაგრამ ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხდება", _ განაცხადა პრემიერმა.