ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საჯარო მოხელეებთან საარჩვენო საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები.
შეხვედრის მიზანი იყო საჯარო მოხელეებისთვის საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შევიდა რიგი ცვლილებები, რომლებიც გულისხმობს საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია საარჩევნო პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის როლის, ადგილობრივი რესურსების, თანამდებობრივი ან/და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გაეცნენ პასუხისმგებლობას საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით.