2-4 სექტემბერს, თბილისი, ინტელექტუალური ფესტივალს _ „რა? სად? როდის?“ პირველ საერთაშორისო ღია თასს მასპინძლობს.
თბილისის ზღვის ახალ ქალაქში, სასტუმრო „“Hotels & Preference”-ში, ფესტივალის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან, ერთად დაესწრო. დავით ნარმანიამ კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა.
„მას შემდეგ, რაც გასულ წელს წარმატებით ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში, საფუძველი ჩაეყარა ფესტივალის თბილისში ყოველწლიურად ჩატარების ტრადიციას. ფესტივალის ჩვენს დედაქალაქში გამართვა მნიშვნელოვანია განათლების და, საერთოდ, ქალაქის პოპულარიზაციისთვის, რადგან ჩამოდის ბევრი უცხოელი მონაწილე და ფესტივალში მონაწილეობის გარდა ეცნობა ქალაქს. თბილისის მერია აღნიშნულ პროექტს მხარს ყოველწლიურად დაუჭერს“, _ განაცხადა თბილისის მერმა.
ფესტივალში 14 ქვეყნის 400-მდე მოაზროვნე მონაწილეობს.
საქართველოს ღირსებას ფესტივალზე 25 გუნდი დაიცავს. მათ შორის, დავით რაფავას, გიორგი ბაქრაძის, ბესიკ ბუთურიშვილის, დავით სიჭინავას და ალექსანდრე თარხან-მოურავის ნაკრები. ფესტივალის გამარჯვებული მსოფლიოს მე-14 ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. ჩემპიონატი 11-13 ნოემბერს სომხეთში გაიმართება.
„რა? სად? როდის?“ გარდა, ღონისძიების პროგრამაშია ინტელექტუალური თამაშები „ჯეოპარდი” და "ხამსა“.
4 სექტემბერს კი საერთაშორისო ინტელექტუალურ ტურნირს ნიკო ფიროსმანის მუზეუმი უმასპინძლებს.