ქალაქ ოზურგეთში მყოფი ბიძინა ივანიშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერებს შეხვდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წევრმა და დეპუტატობის კანდიდატმა, დავით მჟავანაძემ ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე საკითხზე გაუმახვილა ყურადღება.
“თქვენ ოთხი წლის წინ ამ მოედნიდან ამომრჩეველს დაპირდით უამრავი პრობლემის მოგვარებას და ასევე დაპირდით, რომ პენსია იქნებოდა 250 ლარი, ასევე იპოთეკარებს გადაუჭრით პრობლემას, ასევე თქვენ თქვით, რომ ურეკის მცხოვრებლებს ექნებოდა სოლარიუმი და ძალიან ბევრი დაპირებები გაეცით. ასევე გაეცით დაპირება იმაზე, რომ შუქის გადასახადი არ უნდა ღირდეს იმდენი, რაც ახლა არის“, _ უთხრა დავით მჟავანაძემ ბიძინა ივანიშვილს.
ბიძინა ივანიშვილმა დავით მჟავანაძეს ამასთან დაკავშირებით უპასუხა:
“ხომ იწერება ეს საუბარი? თქვენ უნდა ნახოთ ეს ვიდეოები, რომ ეს მართლა მე ვთქვი. იპოთეკარების პრობლემა არის ძალიან რთული, სახელმწიფოს სადაც შეუძლია და როგორ შეუძლია დაეხმაროს უნდა მათ. მე არ დავპირებულვარ ამ პრობლემას გადავჭრი და დღესაც გავიმეორებ, რომ ეს პრობლემა არის ძალიან რთული. ვალს, რომ აიღებ ის უნდა დააბრუნო, სახელმწიფო ამ ვალს ვერ დააბრუნებს“, _ განაცხადა ივანიშვილმა.