საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ძალებიდან, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" შემდეგ „თავისუფალ დემოკრატებს" გამოარჩევდა.
როგორც ივანიშვილმა ქუთაისში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, მისი დამოკიდებულება განაპირობა "თავისუფალი დემოკრატების" გუნდმა, რომელიც ირაკლი ალასანიას შეცდომებს წინ აღუდგა.
"კოალიციის წევრებიდან თუ ადრე პირველს "რესპუბლიკელებს" დავასახელებდი, ახლა "თავისუფალ დემოკრატებს" დავასახელებ. პირველ რიგში, ორივეს დავასახელებდი იმიტომ, რომ მათთან არ არის კითხვა ჩვენი ქვეყნის ორიენტაციაზე", _ განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ალასანიამ დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა.
"პარტიაში შეინიშნება ზედმეტი დომინანტობა ლიდერის და ამ პროცესმა ცუდად იმუშავა. თავიდან, ალასანიას შეცდომები თავისუფლად გაიზიარა გუნდმა და ნაცვლად იმისა, რომ ალასანიას მოეხერხებინა, ყოფნოდა კაცობა და ვაჟკაცობა საკუთარ შეცდომებზე გუნდი არ წაეყვანა, თვითონ მოიქცა არასწორად. ამის შემდგომ გუნდის წევრებმა მოახერხეს გარდაქმნა. თვითონ გუნდის წევრები მაწვდიდნენ ხმას. მას უფრო ბევრი შეცდომის დაშვება შეეძლო, თუმცა გუნდმა ამის საშუალება არ მისცა. ამ მხრივ, დღეს "დემოკრატები" უფრო ჯანსაღად გამოიყურებიან. მთელი გუნდი ლიდერის შეცდომებს წინ დაუდგა და აღარ გადაყვნენ ალასანიას შემდგომ შეცდომებს", _ განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატებთან" პირდაპირი კონტაქტი არ აქვს თუმცა აღნიშნა, რომ "მომდიოდა გარკვეული ინფორმაციები. ბოკერიასთან მეგობრობაც კარგად იკვეთებოდა".