"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებას პოლიციელებისათვის ადგილებზე გადამზადებას არჩევნების დღეს მათი უფლებება-მოვალეობებისა და არჩევნების პროცესში მონაწილე პირებთან ურთიერთობების მიმართულებით.
"მე არ მგონია, რომ პოლიციას ტრენინგი სჭირდებოდეს დარღვევების პრევენციისთვის. მე მივუთითებდი, რომ ნაკლები ილაპარაკონ და მეტი იმოქმედონ კანონის ფარგლებში, თუ როგორია კანონი ჰკითხეთ ჩვენს იურისტებს, მათ შორის თამარ კორძაიას, რომელიც გეტყვით, რომ მთლად კანონიერს არ ჰგავს ეს გადაწყვეტილება. სინამდვილეში პოლიცია ვერანაირ გავლენას არჩევნებზე ვერ მოახდენს, იმიტომ, რომ მცდელობა შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ ძალიან ბევრი პარტიაა დაინტერესებულ, რომ არჩევნები წესიერად ჩატარდეს", _ განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
შს მინისტრის ბრძანებით, საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება. ბრძანება, ასევე, ითვალისწინებს პოლიციელთა ადგილებზე გადამზადებას არჩევნების დღეს მათი უფლებება-მოვალეობებისა და არჩევნების პროცესში მონაწილე პირებთან ურთიერთობების მიმართულებით.