„სადაც მე დამაკავეს, იქვე იყო პოლიციის განყოფილება, თუმცა, მე იქ არ წავუყვანივარ“, _ ქრთამის აღებაში ბრალდებული ქუთაისის კრიმინალური პოლიციის გამომძიებელი ზურა ჭელიძე დაკავების დროს მისი უფლებების დარღვევაზე საუბრობს.
როგორც ჭელიძემ აღნიშნა, კარგად იცის, რა პროცედურები ტარდება პირის დაკავების დროს.
"პირის დაკავების შემდეგ კანონის თანახმად, ის უნდა გადაიყვანონ პოლიციის უახლოეს შენობაში. სადაც მე დამაკავეს იქვე იყო პოლიციის განყოფილება, თუმცა მე იქ არ წავუყვანივარ. ასევე ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარეობს სუს-ის რეგიონული სამმართველო, სადაც, ასევე, შეეძლოთ წავეყვანე. წამიყვანეს კიდეც, თუმცა, შენობაში არ შევუყვანივარ, მანქანაში ვიჯექი. აქედან გამოდინარე, დაირღვა ჩემი უფლებები", _ ამბობს ზურა ჭელიძე.
ჭელიძის ინტერესების დამცველმა კი სასამართლოსთან მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს შეფარდებით იშუამდგომლა, მან სასამართლოს 25 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება შესთავაზა, რომლის უზრუნველყოფა უძრავი ქონებით მოხდება.
"გირაოს შეფარდების შემთხვევაში ჭელიძე ვალდებულებას აიღებს, რომ თუნდაც ყოველდღე გამოცხადდეს სასამართლოში ან საგამოძიებო უწყებაში. ის მზადაა დღესვე ჩააბაროს პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტაცია, რაც ქვეყნის დატოვების საფრთხეს გამორიცხავს.
ზურაბ ჭელიძე მზადაა განჩინების საფუძველზე აეკრძალოს საჯარო სამსახურში მუშაობა, მათ შორის ძველ თანამდებობაზე", _ განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.