დღეს ოზურგეთში თხილის ფასი, გუშინდელთან შედარებით, 20-30 თეთრით გაიზარდა. ერთი კილოგრამი „გულშიშველა“ 3 ლარი ღირს, „ბერძნულა“ კი _ 5 ლარი. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე, კილოგრამი თხილის ფასი 2 ლარიდან 3 ლარამდე იზრდება, მერე კი ისევ უკან ბრუნდება.
თხილის მიმღებ პუნქტებში, საქმის მწარმოებლებმა ფასის ხშირი ცვალებადობის მიზეზები არ იციან.
_ სტაბილურობა თხილის ფასს სულ აკლდა, მაგრამ ასეთი ხშირი ცვლა არასდროს ყოფილა. წლევანდელი ნაყოფი განსაკუთრებით უვარგისია. კილოგრამი „გულშიშველას“ ფასი 2 ლარამდეც დაეცა. რამდენიმე დღე საერთოდ არ ვიბარებდით. ახლა ფასის მატება უფრო განაპირობა „ველურა“ ჯიშებად ცნობილი თხილის შემოსვლამ. ასეთ თხილს დაავადება ადვილად ვერ ერევა და ნაყოფიც საღია, _ ამბობენ ისინი.