უზენაეს სასამართლოში დღეს გამართულმა სასამართლოს პლენუმის სხდომამ, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნა, გადაწყვეტილება მიიღო _ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად თეიმურაზ ტუღუში დაინიშნა, _ აღნიშნულის შესახებ განცხადებას უზენაესი სასამართლო ავრცელებს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს პლენუმის წინაშე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინა თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურა.
პლენუმის წევრები გაეცნენ წარდგენილ კანდიდატს, მიიღეს მისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხი, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დანიშნა თეიმურაზ ტუღუში“, _ ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.