შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფოთში იმყოფებოდა, სადაც, „ქართული ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატთან ერთად ქალაქის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე დავით სერგეენკომა აღნიშნა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ის ადამიანია, რომელთან ერთადაც შესაძლებელი იქნება ყველა პრობლემის აღმოფხვრა. „ხშირად ამბობენ, რომ დეპუტატი არის ადგილობრივი ამომრჩევლის ხმა პარლამენტში. ეს ასე არ არის. დეპუტატი სასიცოცხლო მნიშვნელობის წარმომადგენელია საკანონმდებლო ორგანოში ყველა სამინისტროსთვის. სწორედ მასთან ერთად უნდა შევიმუშავოთ კონკრეტული გეგმები კონკრეტულ რეგიონებთან მიმართებაში. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს კანდიდატთან ერთად შევძლებთ კონსტრუქციულ ანალიტიკურ დაგეგმარებას. ირაკლი ხახუბია, რომლის მხარდასაჭერადაც დღეს აქ ჩამოვედი, დარწმუნებული ვარ, იქნება საუკეთესო პარტნიორი . მეც და ისიც, როგორც პროექტის რიგითი მენეჯერები, ვიმუშავებთ თავდაუზოგავად და შევიმუშავებთ ყველაზე ოპტიმალურ გეგმას ფოთისთვის", _ განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეხვედრაზე ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს წარმომადგენლების მხრიდან დაისვა კითხვები კონკრეტულ საკითხებზე, მათ შორის ფოთში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურასა და არსებული სამშობიარო სახლის გადაიარაღებას, შესაბამისი კადრებით უზრუნველყოფაზეც.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ სახელისუფლო გუნდის 4-წლიან შედეგებზე ისაუბრა. „C ჰეპატიტის მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრამის დამსახურებით დღეს საქართველოში ძვირადღირებულ კურსს 12 000 ადამიანი იტარებს. მათი 90% უკვე განკურნებულია", _ აღნიშნა ხახუბიმა. მანვე ყურადღება გაამახვილა „სოლიდარობის ფონდის" მუშაობის შედეგებზე, რომელმაც სიმსივნით დაავადებული 270-ზე მეტი ბავშვისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდის მკურნალობა დააფინანსა.
„მე ვამაყობ, რომ ვარ იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელმაც შეძლო უმოკლეს დროში გაეტარებინა ყველაზე ჰუმანური და ადამიანური რეფორმა. ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ისეთ პოლიტიკას, რომელიც თითოეული ადამიანის ღირსეულ ცხოვრებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს. დიდი იმედი მაქვს, რომ დავით სერგეენკო იქნება ჩვენი გულშემატკივარი და მხარდამჭერი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას", _ განაცხადა ირაკლი ხახუბიამ. (R)