საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია 3 ბინის, 2 საცხოვრებელი სახლის, 3 მიწის ნაკვეთისა და ავტოფარეხის მფლობელია. აქედან, ბინა, ერთი საცხოვრებელი სახლი და 2 მიწის ნაკვეთი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გულრიფშის რაიონში აქვს.
აღნიშნულის შესახებ ფაცაციას ქონებრივ დეკლერაციაში წერია.
კერძოდ, გოგი ფაცაცია ფლობს 75 კვ.მ.-ის ფართობის საცხოვრებელ სახლს აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშარაში და ამავე სოფელში 5000.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთს. ასევე, ბინას აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში დაბა აგუძერაში, რომლის ფართობიც 95.00 კვ.მ.-ია. გარდა ამისა, ფაცაციას საკუთრებაშია კიდევ ერთ მიწის ნაკვეთს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გულრიფშის რაიონის სოფელ ოქტომბერში, რომლის ფართობი – 2500.00 კვ.მ-ია.
რაც შეეხება მინისტრის მოადგილის სხვა ქონებას, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული გოგი ფაცაციას საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 121.00 კვ.მ-ია და ამავე მისამართზე არსებულ 150.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი;
ხოლო მეუღლე მანანა კვარაცხელია ფლობს 49.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, სანზონაში; ასევე, ამავე კორპუსში მეორე საცხოვრებელ ბინას, რომლის ფართობიც 65.00 კვ.მ-ია ხოლო თანამესაკუთრე გოგი ფაცაციაა. გოგი ფაცაციას საკუთრებაშია ასევე, ავტოფარეხი თბილისში, სანზონაში, რომლის ფართობიც 35.00 კვ.მ.-ია.
აღსანიშნავია, რომ ფაცაცია თვითონაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირია. ის გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშარაშია დაბადებული.
რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს, როგორც ფაცაციას დეკლარაციაშია აღნიშნული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან, მინისტრის მოადგილეობისთვის ხელფასისა და პრემიის სახით, 65 280 ლარი აქვს მიღებული.
რაც შეეხება მის წინა წლების შემოსავლებს, როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული დეკლარაციებიდან ირკვევა, გოგი ფაცაციას 2014 წელს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 56243.91 ლარი აქვს მიღებული; 2013 წელს – 48046.00 ლარი, ხოლო 2012 წელს მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიდან – 3716.00 ლარი მიუღია.
2016 წლის 23 სექტემბერს, ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას, მის დეპოზიტზე "საქართველოს ბანკში" 1500 დოლარი იყო; "ლიბერთი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 20595.60 ლარი, ხოლო ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 2176 ლარი.
როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მინისტრის მოადგილემ შვილების სწავლისთვის 24 000 ევრო და 2500 ლარი გადაიხადა.