იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხვალ საგანგებო სხდომა გაიმართება. საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის შესახებ მედიით გავრცელებულ ჩანაწერებს შეეხება.
„2016 წლის 5 ოქტომბერს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა, მედიით გავრცელებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან განხორციელებული კომუნიკაციის ფაქტთან დაკავშირებით“, _ ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ინტერნეტში კიდევ ერთი, სავარაუდოდ, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის ფარული აუდიო ჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერის მიხედვით, გვარამია და ახვლედიანი საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ. მამუკა ახვლედიანი სისტემაში საქმეების რაოდენობის კუთხით შექმნილ ვითარებას „კატასტროფას“ უწოდებს.
ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზეც საუბრობს და ნინო გვენეტაძეს „სავარჯიშო ბალიშად“ მოიხსენიებს.