სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით ადვოკატთა ასოციაცია უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს. კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ, მისი განხილვა ახალ პარლამენტს მოუწევს.
რა ცვლილებებს ითვალისწინებს ადვოკატთა კორპუსის მიერ მომზადებული კანონპროექტი და რატომ არის აუცილებელი კანონში ცვლილებების შეტანა, ამ საკითხზე “გურია ნიუსს” კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი, ტარიელ კაკაბაძე ესაუბრა.
_ტარიელ, როგორც ვიცით, 2014 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული პროკურატურას სასჯელზე აღარ უთანხმდება; აღარ ფორმდება საპროცესო შეთანხმება რამდენიმე კატეგორიის დანაშაულზე ა.შ. ამ ცვლილების შემდეგ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის მანკიერი მხარე ნაწილობრივ გამოსწორდა. ახლა რა ხარვეზები აქვს კანონს ამ მიმართულებით და რატომ დადგა კიდევ ერთხელ ცვლილებების აუცილებლობის საკითხი?
_როგორც იცით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე, ნაწილობრივ მოხსნაზე. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც ორ პირს ბრალი ედება ჯგუფურად დანაშაულის ჩადენაში. აქედან ერთ-ერთს საერთოდ არ ჩაუდენია ბრალად წარდგენილი ქმედება. მეორე ბრალდებულს კი, პროკურატურა სთავაზობს, რომ გაუკეთებს საპროცესო შეთანხმებას, თუ ითანამშრომლებს გამოძიებასთან და ხელს დაადებს პირველს. შედეგად, მე, რომელიც ვიცავ სრულიად უდანაშაულო ადამიანს, ერთიორად შეიძლება გამიძნელდეს მისი გამართლებისთვის ბრძოლა, როდესაც თავისი მეგობარი დანაშაულის ჩადენაში ამხელს. ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს, საპროცესო შეთანხმების დაპირების სანაცვლოდ იყენებენ გაუხსნელი საქმეების გასახსნელად. საპროცესო შეთანხმების მოლოდინში მყოფი გამწარებული პატიმარი კი ხშირად იძულებული ხდება ისეთი ადამიანი ამხილოს დანაშაულის ჩადენაში, ვინც თვალითაც არასდროს უნახავს.
_ასეთი შემთხვევა თქვენს პრაქტიკაში ყოფილა?
_დიახ, ჩემს წარმოებაში არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც ბრალდებულ ასლან ბეჟანიძეს ბრალი ედება 13 წლის წინ მომხდარი მკვლელობის ჩადენაში. ერთ-ერთი პირი კი, ვინც მას დანაშაულის ჩადენაში ამხელს, არის მკვლელობის მუხლით გასამართლებული მსჯავრდებული, რომელსაც რეალურად არ დაუნახავს შემთხვევა, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან შეღავათების მოლოდინში ის მზადაა უდანაშაულო ადამიანს დაადოს ხელი. ეს ადამიანი სხვათაშორის სხვა მკვლელობის საქმეშიც ბრალდების მხარის მთავარი მოწმეა.
გარდა ამისა, საპროცესო შეთანხმება ასევე ხშირად იწვევს უსამართლობას. ხშირია შემთხვევები, როდესაც მძიმე დანაშაულში ბრალდებული გაცილებით მსუბუქად ისჯება, ვიდრე ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებული. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პირველს აქვს საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში სოლიდური თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის შესაძლებლობა, ხოლო მეორეს ხელმოკლეობიდან გამომდინარე ამის საშუალება არ აქვს. მიმაჩნია, რომ თანხაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ბრალდებულის სასჯელის სახე და ზომა. რატომ უნდა დაისაჯოს მკვლელობაში ბრალდებული უფრო მსუბუქად, ვიდრე გაჭირვებული, რომელმაც მაღაზიიდან 20 ლარის სურსათი მოიპარა?! ასეთი მაგალითები უამრავია.
_აღნიშნეთ, რომ საპროცესო შეთანხმების მოქმედი ინსტიტუტის პირობებში შესაძლოა ადვოკატს უდანაშაულო ადამიანის დაცვა გაუჭირდეს, როცა მეორე ადამიანი მას იმ იმედით, რომ შეღავათით ისარგებლებს, ხელს ადებს. ხომ არ აკნინებს ეს ადვოკატის პროფესიას?
_კიდევ ერთი დიდი პრობლემა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან დაკავშირებით, რაც პირადად ძალიან მაწუხებს, სწორედ ეს არის. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის აქტიურად გამოყენებით, ადვოკატის პროფესია ხდება ნაკლებკონკურენტუნარიანი. აქ უკვე წინა პლანზე იწევს არა ადვოკატის პროფესიონალიზმი, არამედ ის, თუ რამდენად არის კონკრეტული ადვოკატი დაკავშირებული პროკურატურასთან. ადვოკატი კი უნდა შეფასდეს ბრძოლისუნარიანობით, პროფესიონალიზმით, სასამართლო უნარ-ჩვევებით, რითაც მან უნდა მიაღწიოს უდანაშაულო ადამიანის გამართლებას. ხშირია შემთხვევა, როდესაც უდანაშაულო ადამიანებს უწევთ საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმება. მიმაჩნია, რომ არაფერია იმაზე დიდი უსამართლობა, ვიდრე იმ ადამიანის დასჯა, ვისაც კონკრეტული დანაშაული არ ჩაუდენია.
_რაში ხედავთ გამოსავალს?
_ როგორც იცით, განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულების დროს სასამართლოს არ შეუძლია კანონით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვარზე ნაკლები სასჯელის დანიშვნა. მაგალითად, იარაღის ტარების შემთხვევაში (136-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 4-დან 6 წლამდე. სასამართლოს, მაშინაც კი, თუ არსებობს უამრავი შემამსუბუქებელი გარემოება კონკრეტული ბრალდებულის მიმართ, არ შეუძლია მას მიუსაჯოს 4 წელზე ნაკლები, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დროს. შესაბამისად, ბრალდებული ვერ რისკავს გამართლებისთვის ბრძოლას და იძულებული ხდება დაემორჩილოს და დათანხმდეს საპროცესო შეთანხმებას. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც ადვილად გადაიჭრება, თუ მოსამართლეს მიეცემა უფლება, შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს მიუსაჯოს მინიმუმზე ნაკლები სასჯელი. ეს გამოიწვევს იმას, რომ ბრალდებულს აღარ შეეშინდება გამართლებისთვის ბრძოლა და იმის შიშით, რომ სასამართლო გარანტირებულად არ მიუსჯის მინიმუმ 4 წელს, ის არ დათანხმდება საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ამ ცვლილებას ითვალისწინებს ჩვენი კანონპროექტიც, რომელიც მომზადების პროცესშია.
_ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის მომხრე ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ პროკურატურაც საპროცესო შეთანხმების პირობებზე მსჯელობის დროს ბრალდებულის შემამსუბუქებელ გარემოებებს ითვალისწინებს…
_ თუმცა ფაქტია, რომ პროკურატურა ამ ინსტიტუტს იყენებს ისეთი მიზნებისთვის, რაც ხშირად ეწინააღმდეგება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს. ასეც რომ იყოს, რატომ უნდა ჩავთვალოთ, რომ პროკურორს შეუძლია უკეთესად შეაფასოს ბრალდებულის შემამსუბუქებელი გარემოებები, ვიდრე სასამართლოს?! მიმაჩნია, რომ აღნიშნულის შეფასებას ყველაზე კარგად სწორედ სასამართლო მოახდენს.
_ასევე არსებობს მოსაზრება, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ხელს უწყობს დანაშაულის გახსნას. ასევე საპროცესო შეთანხმების დროს ხდება საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების მიღწევა. ამ შემთხვევაში თქვენი მოსაზრება რა არის?
_თუ საპროცესო კოდექსში შევა ცვლილება რომ მოსამართლეს მიეცემა მინიმუმზე ნაკლები სასჯელის დანიშვნის უფლება, ეს ნამდვილად არ შეუშლის ხელს იმას, რომ სურვილის შემთხვევაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებას მოაწეროს ხელი. ცვლილება, რომლის აუცილებლობაზეც ვსაუბრობ, იქნება ბერკეტი, რომ გავანეიტრალოთ საპროცესო შეთანხმების უარყოფით მხარეები და ეს ხელს არანაირად არ შეუშლის იმას, რომ სურვილის შემთხვევაში მოხდეს საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტი აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მოკლე ვადაში შემოგთავაზებთ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტს.
_დაახლოებით რა დრო დასჭირდება კანონპროექტის მომზადებას და როდის აპირებთ მის შეტანას პარლამენტში?
_სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს კანონპროექტი უკვე მზად გვექნება.