საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის კონკრეტული თარიღის დასახელება არ შეუძლია, თუმცა "ეს თარიღი უკვე ახლოსაა".
როგოც ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის მოხარულია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა გუშინ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირა.
"მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველო და ევროკავშირი სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და ვიცი, რამდენ ქართველს სურს ეს. მოხარული ვარ, რომ პროცესი წინ მიიწევს. მაგრამ გუშინდელი გადაწყვეტილება არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი, თუმცა ნაბიჯი რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებასთან გვაახლოვებს. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა. კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ საკითხის მნიშვნელობას სრულად ვაცნობიერებთ. კონკრეტულ თარიღზე თუ მეკითხებით ვერაფერს გიპასუხებთ, მაგრამ თუ მეკითხებით იმედი მაქვს თუ არა რომ ეს თარიღი უკვე ახლოსაა, გეტყვით რომ ახლოსაა“, _ განაცხადა იანოშ ჰერმანმა.