საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა.
ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს პარლამენტის 150 დეპუტატი; აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 წევრი _ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
ამომრჩეველმა არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს _ 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს; და ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.
3, 645 (მათ შორის 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი) საარჩევნო უბანი საქართველოში და 55 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (40 ქვეყანა) სრულ მზადყოფნაშია არჩევნების ჩასატარებლად. 5 ოქტომბერს უკვე გაიმართა არჩევნები ავღანეთში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლის შედეგებიც 8 ოქტომბერს დაითვლება.
არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 184 მედიაორგანიზაციის 5368 წარმომადგენელი.