ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში, 51 მაჟორიტარული ოლქიდან არჩევნების მე-2 ტური 34 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.
ამ დროის მონაცემებით, მაჟორიტარული არჩევნები პირველივე ტურში დასრულდა 17 საარჩევნო ოლქში. ესენია: სიღნაღი/დედოფლისწყარო 25-ე მაჟორიტარული ოლქი, გარდაბნის 31-ე მაჟორიტარული ოლქი, მარნეულის 35-ე მაჟორიტარული ოლქი, ბოლნისის 33-ე მაჟორიტარული ოლქი, თეთრიწყარო/გარდაბნის ნაწილი 32-ე მაჟორიტარული ოლქი, წალკა/დმანისი/ბოლნისის 34-ე მაჟორიტარული ოლქი, დუშეთი/თიანეთი/ყაზბეგის 38-ე მაჟორიტარული ოლქი, ქარელი/გორის შინდისი, ვარიანის მე-40 მაჟორიტარული ოლქი, ბორჯომის/ (ასპინძა/ახალქალაქის 5 სოფელი) 45-ე მაჟორიტარული ოლქი, ნინოწმინდა/ახალქალაქის 46-ე მაჟორიტარული ოლქი, საჩხერის 53-ე მაჟორიტარული ოლქი, ვანი/ხონის 54-ე მაჟორიტარული ოლქი, სამტრედიის 55-ე მაჟორიტარული ოლქი, ხულო/შუახევი/ქედის 73-ე მაჟორიტარული ოლქი, ამბროლაური/ ონი/ ცაგერი/ლენტეხი/ მესტიის 58-ე მაჟორიტარული ოლქი, ოზურგეთის 59-ე მაჟორიტარული ოლქი და მარტვილი/აბაშის 62-ე მაჟორიტარული ოლქი.
აღსანიშნავია, რომ გარდაბნის 31-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 35 უბნიდან 34-ის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს სავალან მირზოევს 50,17 %-იანი მხარდაჭერა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მონაცემი დარჩენილი უბნის შედეგების გათვალისწინებით, შესაძლოა შეიცვალოს.
რაც შეეხება დანარჩენ 34 საარჩევნო ოლქს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, იქ მაჟორიტარული წესით არჩევნების მეორე ტური გაიმართება. აქედან 32 მაჟორიტარულ ოლქში გამართულ მე-2 ტურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას, დარჩენილ 2 მაჟორიტარულ ოლქში, კერძოდ, ჭიათურაში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“, ხოლო ხაშურში „მრეწველებისა“ და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.