რამდენიმე წუთის წინ "ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კიდევ ერთხელ გადაუხადფა მადლობა ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის. როგორც კობახიძემ აღნიშნა, არჩევნები ჩატარდა სამართლიან და მშვიდობიან გარემოში, რასაც ცხადყოფს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები და დასკვნები.
”საპარლამენტო არჩევნებში ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა მისცა ”ქართულ ოცნებას” , რის საფუძველზეც ჩვენი ხელისუფლება მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს ქვეყნის მართვას. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ამომრჩეველს მადლობა გადავუხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის. აღვნიშნავთ, რომ 23-მა ჩვენმა მაჟორიტარმა კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო არჩევნები, კანდიდატების უმრავლესობას დააკლდა მხოლოდ მცირე რაოდენობა იმისათვის, რომ პირველივე ტურში მოეპოვებინათ გამარჯვება.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოვიგებთ ყველა არჩევნებს ყველა მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში. შესაბამისად, ”ქართული ოცნება” მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლეობას პარლამენტში, რაზეც ჩვენ არჩევნებამდეც ვსაუბრობდით. უშედეგოდ დასრულდა ”ნაციონალური მოძრაობის” უსუსური მცდელობა, რომ გამოეწვიათ ხელოვნურად დესტაბილიზაცია”, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.