"არჩევნების ერთი ეტაპი დასრულდა, რაზეც პრეზიდენტმა უკვე მოგახსენათ საკუთარი შეხედულება. დღეს დამატებით გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ საარჩევნო პროცესი გრძელდება და წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი – მოსახლეობამ 8 ოქტომბერს აირჩია პარლამენტის შემადგენლობის მხოლოდ 2/3, 50 მაჟორიტარულ ოლქში კი, უნდა ჩატარდეს მეორე ტური", _ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მიშველაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი მეორე ტურში მონაწილეობისკენ ისევე მოუწოდებს მოქალაქეებს, როგორც პირველ ტურში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც, პირველ რიგში, სჭირდება ამომრჩევლის აქტიურობა. პრეზიდენტი, ახლაც, ისევე, როგორც, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მოუწოდებს მოსახლეობას დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი და იყვნენ აქტიური.
ასევე უმნიშვნელოვანესია და განსაკუთრებით ხაზგასასმელია, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების როლი, როგორც მთელი არჩევნების, ასევე მეორე ტურის განმავლობაში.
ქვეყნის პირველი პირი იმედს გამოთქვამს, რომ დამკვირვებლები განმეორებით ტურზეც ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი და აქვე აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტი მადლობას უხდის მათ გაწეული მუშაობისთვის".
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, საქარელოს ყირგიზეთის პრეზიდენტი ეწვევა და ხელი მოეწერება რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს.
"12 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის პრეზიდენტი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პირველ პირებს შორის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები შედგება, ხელი მოეწრება ერთობლივ დოკუმენტებს, გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია. ასევე, მთავრობებს შორის ხელი მოეწერება რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, როგორიცაა ინვესტიციების წახალისება, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა და განათლების სფეროში თანამშრომლობა", _ განაცხადა ეკა მიშველაძემ.