თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბათუმის „თეთრ მაგონილიასთან“ დაკავშირებით საქმის განხილვა დაიწყო.
წინასასამართლო სხდომაზე ორივე მხარის შუამდგომლობა მოისმინეს. დაცვის მხარე ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულების ადვოკატების შუამდგომლობები აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით.
როგორც მოსამართლემ განმარტა, ჯერ კიდევ არსებობს იმის საფრთხეები, რომ ბრალდებულებმა თავი აარიდონ მართლმსაჯულებას, ზემოქმედება მოახდინონ მოწმეებზე და მიიმალონ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა მაია რჩეულიშვილის მეუღლისთვის, ვახტანგ რჩეულიშვილისთვის. როგორც მან აღნიშნა, ის არ ელოდება, რომ მაია და გურამ რჩეულიშვილებს და ასევე, ირაკლი მინდელს, საარჩევნო პროცესების დასრულებამდე გაათავისუფლებენ.