"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, პარტიაში "დებატი იმასთან დაკავშირებით, მიშა არის თუ არა ან უნდა იყოს თუ არა მომავალში პარტიის პირველი პირი, არ არსებობს!":
"გუშინ, რუსთავი 2-ის ეთერში დავით ბერძენიშვილის ბოღმიანი განცხადების პასუხად მიხეილ სააკაშვილის "დანარცხების" შესახებ, რომელიც სამწუხაროდ გადაცემის ფარგლებში პასუხგაუცემელი დარჩა, მინდოდა მეთქვა: ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დებატი იმასთან დაკავშირებით, მიშა არის თუ არა ან უნდა იყოს თუ არა მომავალში პარტიის პირველი პირი, არ არსებობს!
მიხეილ სააკაშვილი არის პარტიის და რაც მთავარია მისი მხარდამჭერების უპირობო ლიდერი. ის დღეს უკანონოდ და პუტინ-ივანიშვილის საერთო მეცადინეობით არის დევნილობაში და ამ ეტაპზე მთელი თავისი რესურსით ვერ ახერხებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ფუნქიების სრულფასოვნად შესრულებას და ეს ნაციონალური მოძრაობისთვის უდიდესი დანაკლისია.
ეს გამოჩნდა კიდეც გასული 4 წლის განმვალობაში.
2012 წელს ივანიშვილის პირველი მოსვლა პარლამენტში დღევანდელივით მახსოვს. მისი მთავარი მესიჯი დამარცხებული ნაციონალური მოძრაობისადმი იყო: მე მჭირდება ოპოზიცია, მაგრამ იმისთვის, რომ თქვენ იყოთ ჩემი ოპოზიცია, უარი უნდა თქვათ მიხეილ სააკაშვილზე და აღიაროთ, რომ იყავით დანაშულებრივი რეჟიმი.
ახლაც მახსოვს იგივე მესიჯით განმსჭვალული იგივე შინაარსის არაერთი გამოსვლა პარლამენტში სრულიად ღია ტექსტით დავით უსუფაშვილის, დავით ბერძენიშვილის, ვოლსკის და სხვების პირიდან გაჟღერებული, დითირამბებიც კი ჩვენი პარტიის ცალკეული წევრებისადმი, ჩვენს კვალიფიციურობაზე ხაზგასმით და იმის მითითებით, რომ ჩვენ თქვენი რესურსი გვჭირდება, ოღონდ მიშაზე თქვით უარი და ყველაფერი კარგად იქნებაო.
ივანიშვილის დავალება ნაციონალურ მოძრაობაში ვერ შესრულდება. ამას არ დაუშვებს პარტიის არცერთი გონიერი პოლიტიკური ლიდერი და რაც მთავარია, ჩვენი ამომრჩეველი, რომელთა იმედი, ივანიშვილის რეჟიმის გარდაუვალ დამარცხებასთან დაკავშირებით სწორედ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.
ჩემო მეგობრებო, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და რაც შეგვიძლია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის კონსტიტუციული დიქტატურა არ დავუშვათ ქვეყანაში. ამის მერე კი აუცილებელია გავაანალიზოთ რა უნდა იყოს ამ რეალობაში მთავარი ოპოზიციური პარტიის სამოქმედო გეგმა და როგორ გავაერთიანოთ ჩვენი თანამოქალაქეები ივანიშვილის მმართველობის დასამარცხებლად" _ წერს თაქთაქიშვილის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.