საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მიიღო, რომელიც საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის პირველი ვიზიტი საქართველოში საქართველო – ყირგიზეთის შემდგომი ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების საკითხს და აღნიშნა, რომ მუდმივად მხარდაჭერილი უნდა იყოს მხარეთა შორის უმაღლესი დონის ინტენსიური დიალოგი.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში შეთანხმებების ხელმოწერები მხარეთა თანამშრომლობის და ურთიერთობების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის წინაშე კვლავ დგას მცოცავი ოკუპაციის პრობლემა, რომელიც ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობას.
გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, საქართველოს როლზე რეგიონში და ტრანსრეგიონული თანამშრომლობის განვითარებაზე.