გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ რამდენიმე გუბერნატორს შეცვლიან. მათ შორის გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძეც სახელდება, რომლის შემცვლელის ვინაობა, ჯერჯერობით, განხილვის ფაზაშია.
თუმცა, როგორც გვითხრეს, ერთ-ერთი კანდიდატურა ყოფილი პარლამენტარი ბიძინა გუჯაბიძეა, რომელიც თანაპარტიელებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდა და სწორედ ამის გამო სთავაზობენ გურიის გუბერნატორის პოსტს:
_ შესანიშნავი გუბერნატორი ჰყავს გურიას. ბატონი გია ღირსეული და წარმატებული პიროვნებაა და არავითარი სურვილი არ მაქვს, მას, ამ საქმეში, რამენაირად წინ დავუდგე, _ ამბობს "გურია ნიუსთან“ საუბრისას ბიძინა გუჯაბიძე.
_ ბატონო ბიძინა, ამჟამინდელი გუბერნატორის შეცვლის საკითხი არჩევნებამდე დაანონსდა. როგორც გვითხრეს, თქვენი გუბერნატორობის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდით…
_ არ ვიცი. მართლაც კარგ პიროვნებად და გამართლებულ გუბერნატორად ვიცნობ გიას. ცოტა უხერხულია ჩემგან ამ თემაზე საუბარი, მართლა რაიმე არ იფიქროს… რაც შეეხება სიას და, საერთოდ პარლამენტის წევრობას, მე არაერთხელ ვთქვი უარი.
მიმაჩნია, რომ ჩემი პარლამენტი ყოფნის საჭიროება არ არის, არც ისეთი ბრძოლების ასპარეზია, როგორიც მე და ჩემი თაობის პოლიტიკოსებმა გადავიტანეთ _ ახალგაზრდების დრო მოვიდა. მიუხედავად ჩემი უარისა, უყურადღებოდ არ დამტოვებენ და, ალბათ, სხვა ამპლუაში მნახავთ, ოღონდ გუბერნატორობაზე საუბარი არ ყოფილა, _ გვითხრა გუჯაბიძემ.
შესაძლო შემცვლელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, რომელიც არჩევნების დასრულებას ელოდება:
_ არაფერი არ ვიცი ჯერ. დასრულდება არჩევნები, დაკომპლექტდება მთავრობა და ამის შემდეგ მთავრობის მეთაური მიიღებს გადაწყვეტილებას, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას გია სალუქვაძემ.
გუბერნატორის შესაძლო შეცვლის საკითხზე არ საუბრობენ პრემიერის აპარატში და ამბობენ, რომ ეს საკითხი, ამ ეტაპზე არ განიხილება.