სოხუმში მდებარე ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი და საჯარო თავშეყრის ადგილები გაძლიერებული დაცვის ქვეშ არის აყვანილი. შესაბამისი განკარგულება სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ საგანგებო თათბირის შემდეგ გასცა.
ხაჯიმბას დავალებით, ე.წ. ძალოვანმა უწყებებმა უნდა ჩაატარონ „ყველა საჭირო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება“ იმ შემთხვევის დეტალების დასადგენად, რომელიც დღეს დილით სოხუმში მოხდა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის ტერიტორიზე უცნობმა პირმა თავი აიფეთქა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრის ასლან კობახიას თქმით, შემთხვევა ორშაბათს, დილით 7 საათისთვის მოხდა.
"ტელევიზიის ტერიტორიაზე ერთმა პირმა თავი აიფეთქა. ცხადი იყო, რომ მას ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. სავარაუდოა, რომ ის მარტო არ იყო. ტარდება ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები“, _ განაცხადა კობახიამ.