24 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.
როგორც "გურია ნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის უფროსის სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით, დასავლეთ საქართველოში უფრო მეტად გათბება, უახლოეს დღეებში კი, უნალექო ამინდი იქნება.
"დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია 24 ოქტომბრამდე. 21-ში შესაძლოა წამოწვიმოს, მაგრამ არა ხანგრძლივი დროით. ტემპერატურა დათბება 22 გრადუსამდე, ხოლო 23-24 ოქტომბერს, მოსალოდნელია უფრო მაღალი, 24 გრადუსამდე ტემპერატურა. 24 ოქტომბრიდან, დასავლეთ საქართველოში წვიმებია მოსალოდნელი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი, ბარში წვიმა, ხოლო მთასა და მაღალ მთაში თოვლი.
თბილისში უახლოეს დღეებში წვიმა აღარ იქნება. ტემპერატურა კი, 15 გრადუსამდე დათბება. დღეს გვაქვს დედაქალაქში მაქსიმალური ტემპერატურა 8 გრადუსი, თუმცა, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან წვიმაც შეწყდება და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
ტემპერატურა ხვალ თბილისში 19 გრადუსი იქნება, 20-ში – 12 გრადუსი, 21-ში – 15 გრადუსი. თოვლი ჯერჯერობით დედაქალაქში მოსალოდნელი არ არის", _ ამბობს ნიორაძე.