22 ოქტომბრიდან, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის დიდი სცენა და შენობის დიდი ნაწილი საქველმოქმედო კომპანიის „ქართუ“ და სამშენებლო კომპანიის „ატუ“-ს მშენებელთა განკარგულებაში გადადის. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე ამბობს, მანამდე თეატრი სამჯერ უმასპინძლებს პატარებს, სპექტაკლით: „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“. 21 ოქტომბერი კი შევა თეატრის ისტორიაში, როგორც ერთი დიდი ეტაპის დასასრული, რადგან 1962 წელს ამოქმედებული დიდი სცენა რეაბილიტაციისთვის რამდენიმეწლიან პაუზას აიღებს. 22 ოქტომბრიდან უკვე შენობის დაცლა დაიწყება _ ვარგისი ქონება შეინახება, უვარგისი ჩამოიწერება.
ვასილ ჩიგოგიძე მადლიერებას გამოხატავს ოზურგეთის მერიის ხელმძღვანელობის და ასევე სოფელ გურიანთის თითოეული მცხოვრების მიმართ, ვინც შესთავაზა თეატრს, გადასულიყო გურიანთის კულტურის სახლში. იქ საგაზაფხულოდ რემონტი ჩატარდება და ოზურგეთის თეატრი შემოქმედებით მოღვაწეობას გააგრძელებს. ასევე დაგეგმილია ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ჩასვლა, დეკადები საქართველოსა და უცხოეთის მასშტაბით, ფესტივალებში მონაწილეობა.
_რაც მთავარია, გვექნება პრემიერები, რომელიც შეგვიქმნის შესანიშნავ ბაზას თეატრის მოახლოებული 150 წლის იუბილესთვის, _ ამბობს ვასილ ჩოგოგიძე.