ცნობილი კომპანიის, „ერნსტ ენდ იანგის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის განმავლობაში ევროპაში 3 303 ახალი საინვესტიციო პროექტი გამოიკვეთა უცხოური კაპიტალის უშუალო მონაწილეობით.
კვლევის მიხედვით, უკვე ზედიზედ მერვე წელია, უცხოელი ინვესტორები უპირატესობას ევროპულ სახელმწიფოებს შორის დიდ ბრიტანეთს ანიჭებენ.
ექსპერტები ბრიტანეთის საინვესტიციო მიმზიდველობის სტაბილურობას მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევენ.
„ერნსტ ენდ იანგის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში მეორე ადგილი საფრანგეთმა დაიკავა, სადაც უკვე 529 საინვესტიციო პროექტი დარეგისტრირდა.
მესამე ადგილი გერმანიას ერგო 418 პროექტით. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ამ ქვეყანას დიდი პერსპექტივა აქვს და შეიძლება საფრანგეთს მოკლე დროში გადაასწროს.
ინვესტორები ინვესტიციებისთვის მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ რეგიონად დასავლეთ ევროპას მიიჩნევენ, რომელმაც შეძლო ჩინეთის გადასწრება.
„ერნსტ ენდ იანგის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ინვესტორები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი ვითარებით უკმაყოფილოები არიან, რომელთა განვითარების პროცესში მყოფმა ეკონომიკამ ბოლო პერიოდში გარკვეული სისუსტეები გამოავლინა.