„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, არაჯანსაღია ხელისუფლების რეაქცია, როდესაც მათ ყველა იმ ადამიანის და ჯგუფის უკან, ისეთებისაც, ვინც "ნაციონალური მოძრაობის მიმართ კრიტიკულია, „ნაციონალური მოძრაობა“ ელანდებათ. აღნიშნული განცხადება ბოკერიამ „ქართული ოცნების“ საპასუხოდ გააკეთა, რომლებმაც საზოგადოების ერთი ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის საფრთხეებთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისში დაწერილი უწოდეს:
„არაადეკვატური, არაჯანსაღი და საშიში ჩვენი ქვეყნისთვის არის, როდესაც „ქართული ოცნებისნაირი“ პარტია, ყველა მეთოდის გამოყენებით, მათ შორის ძალადობით მაინც იღებს მხოლოდ ხმების ნახევარზე ნაკლებს 48%-ს და აპირებს, რომ დააკომპლექტოს ¾-ზე მეტი პარლამენტის, შემდეგ კი ეს გამოიყენოს იმისთვის, რომ თუ მოუნდა გააუქმოს საპრეზიდენტო არჩევნები, აწიოს გადასახადები რეფერენდუმის გარეშე, უსაზღვრო ვალები აიღოს ყოველგვარი კონტროლის გარეშე, მოკლედ ყველაფერი გააკეთოს რაც მოუნდება ერთ კაცს შუშის სასახლეში-ბიძინა ივანიშვილს. ეს არის საშიში და არაადეკვატური. ასევე საშიში და არაადეკვატურია, როცა მთავრობას ყველა ჯგუფის და ადამიანის უკან, თუმდაც ისეთების, ვინც ჩვენს მიმართ კრიტიკულია, ელანდება ნაციონალური მოძრაობის ხელი, ესეც არის არაჯანსაღი ამბავი. ამიტომ ყველას ამოცანაა დღეს პარტიული კუთვნილების მიუხედავად, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, უკონტროლობა და ერთი კაცის ხუშტური არ დავუშვათ“, _ განაცხადა გიგა ბოკერიამ.