ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდში რეგისტრირებული 2484 ამომრჩევლიდან, ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა 525-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო ხმების 18.46 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება მარნეულს, რეგისტრირებული 1436 ამომრჩევლიდან, მონაწილეობა 296-მა მიიღო, რაც საერთო ხმების 20.6 პროცენტს შეადგენს.
ამის შესახებ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, მარნეულიდან ოლქში 7 საჩივარია შესული, ზუგდიდის ოლქში კი, 1 საჩივარი დაფიქსირდა განმუხურის საარჩევნო უბნიდან.
როგორც ცესკოს სპიკერმა აღნიშნა, საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება, თუმცა ასევე ეხება კაბინის გარეთ ხმის მიცემასაც.
გარდა ამისა, ზუგდიდში დაფიქსირებული საჩივრის მიხედვით, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით საკრებულოს დეპუტატი იყო წარმოდგენილი.
ცესკოში ასევე აცხადებენ, რომ მარნეულში არასამთავრობო სექტორის დამკვირვებლების დიდი რაოდენობა, ხმის მიცემის პროცესს აფერხებს.
მათივე ინფორმაციით, მარნეულში საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა, პირველი ამომრჩეველი 08:15 საათზე მივიდა, ხმის მიცემის პროცესი ამ დროს განხორციელდა.