"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ რამაზ ნიკოლაიშვილმა პარტიულ სიაში გამსვლელი ადგილი იყიდა და ამაში მილიონი ლარი გადაიხადა, _ ეს განცხადება პარტია "ახალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა გაზეთ "ახალ თაობასთან" გააკეთა.
"თავიდან პარტიულ სიაში არ ფიგურირებდა რამაზ ნიკოლაიშვილი. სიის წარდგენის წინ კი ის სიაში მე-20 ნომრედ ვიხილეთ. ამას პარტიაში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა" _ აღნიშნავს ხაბეიშვილი.
კითხვაზე, რატომ მოჰყვა უკმაყოფილება, როცა ნიკოლაიშვილი 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტში ნაციონალების სიით მოხვდა და ეს პარტია ოფიციალურად არ დაუტოვებია, ხაბეიშვილი პასუხობს, რომ " პარტიიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ოზურგეთში "ქართულ ოცნებას" ეხმარებოდა და ამის გამო მის მიმართ სერიოზული უკმაყოფილება იყო. აქედან გამომდინარე საეჭვო იყო, რომ ის პარტიის საარჩევნო სიაში, გამსვლელ ადგილას აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით ბევრი რამე ითქვა. პარტიაში ყველა ამბობს, რომ მან ეს ადგილი იყიდა და მილიონი ლარი გადაიხადა"
მისივე თქმით, "თანხის გამცემი და ამღები ამ ინფორმაციას არ დაადასტურებენ, თუმცა პარტიაში ამაზე საკმაოდ ბევრს საუბრობენ. ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი სიის წარდგენის წინა დღეებში ჩაწერეს გამსვლელ ადგილას, ბევრ ეჭვს აჩენს".
დეტალების გასარკვევად "გურია ნიუსი" რამაზ ნიკოლაიშვილს დაუკავშირდა. ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ხაბეიშვილის ამ განცხადებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ჭორებს არ უნდა ავყვეთ:
_ ეს არის მორიგი ჭორი, რომელიც ჩემს მიმართ გავრცელდა. მე ვარ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და სწორედ ამის გამო მოვხვდი სიაში. რა მილიონი ლარი, რა ადგილის ყიდვა?! _ სისულელეა ეს ყველაფერი, _ ამბობს ნიკოლაიშვილი და აღნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" არასდროს დახმარებია.