2005 წელს “გურია ნიუსმა” მოიპოვა წერილი გრიფით _ „საიდუმლო“, რომლის მიხედვითაც ირკვეოდა, რომ ქალაქ ოზურგეთში, დაბა ანასეულში რადიაციის კერა არსებობდა და შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ვითარების შესწავლას და შემოდგომ რეაგირებას ითხოვდა.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ჩვენ ეს წერილი გავასაჯაროეთ. წერილს რეაგირებაც მოჰყვა, თუმცა, მხოლოდ ფასადური _ ანასეულში ეს პრობლემა დღესაც დგას.
უყურეთ გადაცემას და გაიგებთ რა ინფორმაციას ფლობს ანასეულთან დაკავშირებით ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, რამდენად სახიფათოა იქ არსებული მდგომარეობა სოფლის მეურნეობისთვის და რა რეკომენდაციებს იძლევიან ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები;
გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი _ ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევების ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ალეკო ღონღაძე, რომლის ხელმძღვანელობითაც ანასეულში ბოლო კვლევები ჩატარდა.
ამავე გადაცემიდან გაიგებთ ვინ მუშაობდა 50-იან წლებში ანასეულის ლაბორატორიაში იური შუვალოვთან ერთად და რატომ არ დაინტერესდნენ მკვლევარები ამ დრომდე ადამიანით, რომელიც
ზუსტად ფლობს ინფორმაციას ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
რა რეკომენდაციები მისცა ქალაქ ოზურგეთის მერიას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ; რამდენად სახიფათოა ანასეულში არსებული მდგომარეობა, ვისზე დაყრდნობით ტარდებოდა ამ დრომდე კვლევები და რას შეცვლის მასში “გურია ნიუსის” მიერ ნაპოვნი რესპონდენტის მონათხრობი _ გადაცემის ბოლო ბლოკის სტუმრები: აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო საწარმოო ინსტიტუტის აგროქიმიის განყოფილების ხელმძღვანელი ვალერიან ცანავა და ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე.
M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი.
გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს,
როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.