ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. სიტყვიერი შელაპარაკება მედიისა და უბნის წარმომადგენლებს შორის მოხდა. მედიის წარმომადგენლები უბანზე შესვლას ითხოვდნენ, ვინაიდან უბნიდან ხმაური გამოდიოდა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ. უბნის წარმომადგენლებმა კარები ჩაკეტეს, რასაც მედიის მხრიდან პროტესტი და იმაზე აპელირება მოჰყვა, რომ ჟურნალისტებს არ ეძლევათ უბანზე შესვლისა და გადაღების საშუალება, რაც კანონდარღვევაა.
ერთ-ერთ დამკვირვებელსა და მედიის წარმომადგენლებს შორის დაძაბული სიტუაცია საპატრულო პოლიციამ განმუხტა.
50-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ნიზამადინ მურადოვმა განაცხადა, რომ უბანში ხმაური ერთ-ერთი პირის ქმედებამ გამოიწვია, რომელმაც საარჩევნო კაბინაში, კედელზე „41“ თავად დაწერა, შემდეგ კი შეეცადა ვითარება ისე წარმოეჩინა, ვითომ ეს წარწერა მანამდე იყო.
უბნის თავმჯდომარის თქმით, სამი მოწმე არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რომ აღნიშნული წარწერა თავად ამ პირმა გააკეთა.