ზესტაფონის 51-ე ოლქის 26-ე (სოფელი პირველი სვირი) საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დარღვევა არ ფიქსირდება.
როგორც "გურია ნიუსს"გიორგი კახნიაშვილმა ფაქტის გადამოწმების შემდეგ განუცხადა, მან პირადად გადაამოწმა სოფელ პირველ სვირში აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმაცია და დასტურდება, რომ საარჩევნო ყუთი ყველა იმ ამომრჩეველთან მიიტანეს, რომლებიც გასატანი ყუთის სიაში იყვნენ.
"ვინც ჰყავთ გადასატან ყუთში, სარეგისტრაციო ჟურნალში ყველას განცხადებაა დაფიქსირებული. უმრავლესობას სატელეფონო განაცხადი აქვს გაკეთებული. კომისიის თავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფს, რომ არცერთი ამომრჩევლისთვის არ უთქვამს გადასატანი ყუთის სიაში ჩასასმელად განაცხადი არ გააკეთოო. სულ ამ სიაში 37 ადამიანია“,_ ამბობს კახნიაშვილი.
რაც შეეხება იმას, რომ რამდენიმე ამომრჩეველი გადასატანი ყუთის სიაში განცხადების გაკეთების გარეშე აღმოჩნდა და მათთან დღეს ყუთი მიიტანეს, კახნიაშვილი ამბობს, რომ
"ჩემი თვალით ვნახე იმ ადამიანების სია, რომლებსაც გადასატანი ყუთი სჭირდებოდათ. შევადარე ეს სია სარეგისტრაციო ჟურნალში გაკეთებულ განაცხადებთან და დაფიქსირდა, რომ მათთან ყველასთან მივიდა ყუთი. ასევე, დაფიქსირებულია, ვინ დარეკა განაცხადის გასაკეთებლად. ეს იყო ზოგის ოჯახის წევრი, ზოგმა თვითონ შეატყობინა საუბნო საარჩევნო კომისიას. დაფიქსირებულია ამომრჩევლების პირადი ნომრები, რომლებიც ყუთს საჭიროებდნენ და ტელეფონის ნომრები, საიდანაც შეტყობინება შევიდა, ასევე განცხადების გაკეთების დრო. ამის მოგონება არ შეიძლება, თუ რეალურად ზარი არ განხორციელებულა. შესაძლოა, შვილიშვილმა დარეკა და მოხუცებულს დაავიწყდა რომ დარეკილი ჰქონდათ, არ ვიცით რა გითხრათ“, _ ამბობს კახნიაშვილი.
ცნობისთვის, "გურია ნიუსის" ინფორმაციით, მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ზესტაფონის 51-ე ოლქის 26-ე (სოფელი პირველი სვირი) და თბილისში, თემქის მე-19 ოლქის N19.09.79-ე უბნებზე.
კერძოდ, ამომრჩეველთა ნაწილს, რომელთაც გადასატანი ყუთი სჭირდებათ, შესაბამისი საუბნო კომისიების წევრთა მითითებით განცხადებები არ დაწერეს. დღეს კი, მათთან საარჩევნო ყუთი არ მიიტანეს.
როგორც ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, საუბნო საარჩევნო კომისიაში მათ რამდენიმე დღის წინ უთხრეს, რომ განცხადების დაწერა საჭირო არ იყო და ისინი ხმას იმ სიის მიხედვით მისცემდნენ, რომელიც ამავე არჩევნების პირველი ტურისთვის იყო შედგენილი, თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურისთვის გადასატანი ყუთის სია თავიდან უნდა შეადგინონ.
ამავე თემაზე:
დარღვევები გადასატან ყუთთან დაკავშირებით _ რა მიზეზით არ მიიტანეს ყუთი ამომრჩევლებთან