შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძებო ღონისძიებების შედეგად, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1983 წ. დაბადებული ჭ. ლ., 1983 წელს დაბადებული ჩ.ჟ და 1984 წელს დაბადებული ჰ.ჩ დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით).
ცნობისთვის, ხარაგაულის მუნიციპელიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის "23-ე ბიუროს" წარმომადგენლებმა სცემეს. 4 მათგანი მძიმე დაზიანებებით ზესტაფონის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ნაწილი კი, წუხელ ხაშურის საავადმყოფოში მოათავსეს.
ამავე თემაზე:
„გვყავს ნაჯახით დაჭრილები და დაშავებულები“ _ რატომ სცემეს ქართველი მუშები სოფელ ზვარეში