გუშინ, გვიან ღამით, რუსთავში, მდინარე მტკვარში, მდინარის ჩამკეტ დამბებთან მეთევზეებმა 21 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, გავრცელებული ინფორმაციით ის რუსთავში მაცხოვრებელი გიორგი ძაბახიძეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, ოჯახის ნათესავები ირწმუნებიან, გვამს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება, მათ შორის, ყელის მიდამოში ფიქსირდება ნათითურები. შსს-ში კითხვაზე _ არის თუ არა საფუძველი, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს, აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და დამატებითი ინფორმაცია გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.