საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს კახეთის სოფლებში გოგონების "მუსლიმანურ ნათლობასთან" დაკავშირებით და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს, _ ეს განცხადება პრეზიდენტის პრესპიკერმა ეკა მიშველაძემ გააჟღერა.
"გვინდა, გამოვეხმაუროთ, მედიის მიერ გამოაშკარავებულ შემზარავ ფაქტებს _ კახეთის სამ სოფელში გოგონების რიტუალურ დასახიჩრებასთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტი გამოხატავს შეშფოთებას ამ ვანდალურ ქმედებაზე. მოგეხსენებათ, პრეზიდენტისთვის ადამიანის უფლებების დაცვა, ყოველთვის იყო და არის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა იყოს გამოძიებული, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და უსწრაფესად უნდა გატარდეს ზომები ამ დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშავეთა უმკაცრესად დასასჯელად. პრეზიდენტი მიმართავს შს მინისტრს და მთავარ პროკურორს, რომ გავრცელებული ინფორმაციის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანონ და საზოგადოებას მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია. კიდევ ერთხელ, ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ეთნოსის ტრადიციებს, მაგრამ, ცხადია, მხოლოდ იმ პირობით, თუ ის არ არის წინააღმდეგობაში საქართველოს კანონმდელობასთან და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან", _ განაცხადა ეკა მიშველაძემ.