გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში განვითარებულ მოვლენასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
როგორც "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება არ შეუწყვეტიათ, თუმცა, ბოლო პერიოდის განმავლობაში უწყებაში არცერთი შეტყობინება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ შესულა.
"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით ისევ მიმდინარეობს, რაც ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს. თუმცა, ჩვენთან რამდენიმე თვეა არცერთი შეტყობინება არ შემოსულა. კუმისში ამ დროისთვის სიმშვიდეა", _ უთხრეს "გურია ნიუსს" უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ივნისში, სოფელ კუმისის მოსახლეობა „გურია ნიუსისთან“ ამოუცნობი მოვლენის შესახებ საუბრობდა.
მათი ინფორმაციით შავებში ჩაცმული, სახეშეღებილი მამაკაცი სახლებში ღამით შედიოდა და მოსახლეობას აშინებდა. ადგილობრივები ყვებოდნენ, რომ უცნობი მამაკაცი უცნაურ ხმებს გამოსცემს, სადაც სახლში ვერ შედის კარს, ფანჯრებს"ჩხაპნის".
"იმდენად ჭკვიანურად მოქმედებს, გვეეჭვება ჭკუიდან შეშლილი იყოს", _ აცხადებდნენ კუმისელები, რომლებიც უცნობი მამაკაცის დასაჭერად პოლიციელებთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში სოფელში ყოველღამე მორიგეობდნენ.
მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუმისის შემდეგ მსგავსი მოვლენები სოფელ კოდაშიც განვითარდა. შსს-ში მაშინ აცხადებდნენ, რომ შეტყობინება ამის თაობაზე ერთ-ერთი ადგილობრივის მხრიდან შევიდა, თუმცა, ადგილზე პოლიციამ საეჭვო კვალი ვერ აღმოაჩინა.
ამავე თემაზე:
ამოუცნობი მოვლენა სოფელ კუმისში – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
რა ინფორმაციას ფლობს შსს კუმისში განვითარებულ მოვლენასთან დაკავშირებით
რა ინფორმაციას ფლობს კუმისის გამგებელი სოფელში მიმდინარე მოვლენებზე
რა კითხვებს ვერ პასუხობს შსს, კუმისის გამგებელი და მოსახლეობა ამოუცნობ მოვლენასთან დაკავშირებით