თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულ ელენე ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ, 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში ბრალდებული გათავისუფლდება სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან.
სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას დასაბუთებული ვარაუდის შესაბამისად დანაშაულის ძალადობრივი ხასიათის, ბრალდებულის საქმის მიმართ უპასუხისმგებლო და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების, მისი პიროვნების, ემოციური ხასიათის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან არასათანადო ქცევის რისკი. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლების გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულის დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის მიზნით, სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.
საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 10 ნოემბერს, თბილისში ძიძამ მცირეწლოვანს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში განზრახი დაზიანებები მიაყენა, რამაც მცირეწლოვანის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 21 დეკემბერს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
ამავე თემაზე: