"როდესაც თქვენ ერთმანეთს გადახედავთ და დაინახავთ, რომ ამ დარბაზში ბევრნი ხართ, ნუ ჩათვლით, რომ გარეთაც ამდენი ხართ. თქვენ მხარი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარმაც არ დაგიჭირათ, ეს გახსოვდეთ!" _ ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობას.
"ვისურვებდი, რომ ეს პარლამენტი, რომელიც ქართველი ხლხის ნებით არჩეულად იწოდება, მართლაც ამ ნების გამომხატველი იყოს. ვისურვებდი, რომ ეს პარლამენტი სხვადასსხვა პოლიტიკური ინტერესების გამაერთიანებელი ყოფილიყოს. მაგრამ, სამწუხაროდ, თითოეულმა ჩვენგანმა, მათ შორის თქვენც, ძალიან კარგად იცით, რომ ეს ასე არაა და ვერ იქნება იმის შემხედვარე, რაც წინაასარჩევნოდ ხდებოდა. მთელი კამპანია იყო ძალადობა, მუქარა, დაშინება და ამ ყველაფრის შედეგად პარლამენტში აბსოლუტურად ალოგიკური სურათი მივიღეთ – გვყავს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარმაც არ დაუჭირა მხარი და ის მაინც კონსტიტუციური უმრავლესობითაა წარმოდგენილი.
თქვენ ("ოცნებამ") პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინეთ, რომელიც ნათლად წარმოაჩენს თქვენი გუნდის დეფექტს _ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის ყველაზე მეტად გამოირჩეოდა სიძულვილის ენითა და აგრესიით.
ჩემი რჩევა, გნებავთ, რეკომენდაცია იქნება _ როცა დაინახავთ, რომ თქვენ ბევრნი ხართ ამ დარბაზში, არ დაიჯეროთ, რომ ამდენივე ხართ გარეთ. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარმაც არ დაგიჭირათ თქვენ მხარი", _ განაცხადა ნიკა მელიამ.