„ჩვენი ეკლესიების ურთიერთობა პოლიტიკოსებისთვის მაგალითს წარმოადგენს", _ ეს განცხადება, რუსული მედიის ცნობით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქთან, კირილთან შეხვედრის დროს გააკეთა.
მათივე ინფორმაციით, პატრიარქების შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის ურთიერთობას.
„თუ დიპლომატები და პოლიტიკოსები მუშაობენ ცნობიერების დონეზე, ბიზნესმენები საფულისა და კუჭის, ეკლესია მუშაობს გულის დონეზე. ადამიანთა გულების კავშირის გარეშე შეუძლებელია ქვეყნებსა და ხალხებს შორის კარგი ურთიერთობა იყოს“, _ განაცხადა პატრიარქმა კირილმა.
ხვალ ილია მეორე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებთან ერთად მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვას დაესწრება, 23 ნოემბერს კი მოსკოვის ქართულ ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდის და დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში 18 ნოემბერს, რუსეთის პატრიარქის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.