ევროკავშირი მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, _ განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე.
დონალდ ტუსკმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს, აფხაზეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის გამო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებით საერთაშორისო სამართალი, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტი და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი ირღვევა.
„ევროკავშირი მკაფიოდ აცხადებს, რომ ამ შეთანხმებით ირღვევა საერთაშორისო სამართალი, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ჩათვლით. ამ შეთანხმებას არავითარი წონა არ აქვს ევროკავშირის თვალში. ჩვენ უპირობოდ ვემხრობით საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩვენი თავმჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. ევროკავშირი მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”, _ განაცხადა ტუსკმა.