ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მერია ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა იმ ცენტრალური გზის გასწვრივ მდებარეობს, რომელზეც საკურორტო ზონის, ურეკის მიმართულებით ათასობით ადამიანი _ ტურისტი თუ სხვა სტუმარი გაივლის…
"მობრძანდით და ნახეთ, რა მდგომარეობაა სოფლის გამგეობის შენობის ირგვლივ _ დაჭაობებული არხები ზაფხულობით და ახლაც გველ-ბაყაყითაა სავსე. გამგეობის უკან მდგარი ტუალეტის (ქალების, კაცების) ორივე კარი მუდამ ღიაა და ანტისანიტარიული არხი, წვიმების დროს, ფეკალური მასითაც ივსება. იქვეა საკანალიზაციო ავზი; დახურული კია, მაგრამ რად გინდა? დაჭაობებული არხების წყალი, რომელიც შენობას არშიასავით აქვს შემოვლებული, ფეკალური მასის აუზს ხან გვერდიდან, ხანაც ზემოდან უვლის.
საგანგაშო მდგომარეობაა. ხუთი წელია, სიბინძურის ბუდედაა ქცეული, ყოველ წუთს შეიძლება, ნებისმიერი სულიერის სასაკლაოდ იქცეს.
ახლა ნაგავი ნახეთ _ რა სახის ბოთლი, ქაღალდის ნარჩენები თუ ფიჩხი არ ყრია აქ. ამ სანაგვედ ქცეულ მიდამოში, შენობის მარცხენა მხარეს მოძრავი "ვაგონი-შაურმა" დგას, უფრო სწორად, მოგორდა საიდანღაც და ვინც რას შეჭამს, ნარჩენს იქვე ყრის.
მოკლედ, ყველაფერი ისეა, მოყვარეს რომ ნამდვილად გულს მოუკლავს. მტერს კი… ისე, იმაზე უარესი მტერი ვინ გინდა იყოს, მათ გარდა, ვისაც აქაურობის მოვლა-პატრონობა ევალება? არ თქვას ახლა ვინმემ, ამ უბედურებას მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კვირიკაშვილმა ან ივანიშვილმა უნდა მიხედოს. კაი გადარჩენილები ვართ, აქამდე რომ ძროხა, ღორი და მთლად უარესი _ ადამიანი არ ჩაიხრჩო შიგ.
ნახეთ და თუ სიტუაციას ვამუქებთ, დაწერეთ ჩვენი ვინაობა _ იტყუებიანო. თუ არადა, უმჯობესია, ჯერ ამ წერილის შინაარსის ნამდვილობას ადგილზე გაეცნოთ", _ აღნიშნულია წერილში, რომელიც "გურია ნიუსის" რედაქციაში სოფელ მერიის რამდენიმე მცხოვრებმა მოიტანა.
სოფელ მერიაში იმავე პრობლემაზე გვესაუბრა მერიის მკვიდრი თედო ვასაძე.
_ ხუთი წელია, ამ ანტისანიტარიით სავსე არხების დაშრობას და გაწმენდას ვითხოვთ. გველებითა და ბაყაყებითაა სავსე, განსაკუთრებით, ზაფხულში. ეს კიდევ არაფერი _ ფეკალური მასაც ერევა გამგეობის უკან მდგარი ტუალეტიდან. მერე კი, თავსხმა წვიმა თუ არის, პირდაპირ ჩემს ეზოში გადმოდის. ასეთ დღეში ვარ, რამდენი წელია და არ იქნა ამ საკითხის მოგვარება. ეს კიდევ არაფერი, ღმერთი იცავს აქაურობას, ალბათ, თორემ ცოცხალი ვერავინ ამოვა, რომ ჩავარდეს, განსაკუთრებით ღამით, თუ უცებ კაცს ან პირუტყვს გზა აერია, _ გვითხრა ბატონმა თედომ.
ის, რაც ადგილზე ვნახეთ, წერილში მონათხრობს და თედო ვასაძის ნაამბობს ბევრად აღემატებოდა _ არხები, რომელიც შენობის მარცხნივ და უკანაა, დაჭაობებულია. რაც შეეხება ანტისანიტარიას, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების სახისაა, რას არ ნახავთ _ პოლიეთილენის ბოთლების ურიცხვი რაოდენობა, ქაღალდის ნარჩენები, ფიჩხის, შეშის, ბოთლების ნამწვავები თუ ჯართის ნაწილებიც.
მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი გრიგოლ კოსტავა და სპეციალისტები ადგილზე დაგვხვდნენ. როცა ამ ზღვარგადასული ანტისანიტარიის შესახებ კითხვები დავსვით, აშკარა უკმაყოფილება დაეტყოთ.
_ აქ დღეში ათასობით მანქანა გაივლის. დადექით ერთი და ნახეთ. ყრიან ამ ბოთლებს. აგერ კიდევ ჩამოსული მანქანები დგას. რუსთავიდან რომ კაცი ჩამოვა და მანქანაში ათევს, ყრის რაღაცას. გუშინწინ დასუფთავდა, მაგრამ ყრიან, _ გვითხრა კოსტავამ.
_ სამი დღის წინ დასუფთავებულს ნამდვილად არ გავს ეს ტერიტორია. ანტისანიტარიაა შენობის გვერდითაც…
_ სად? აბა, წავიდეთ, _ გვითხრა კოსტავამ და შენობის მარცხენა მხარეს გამოგვყვა.
_ ამ ნარჩენებზე გვეუბნებით? აქ ცეცხლს ვანთებთ და საჭმელს რომ ვჭამთ, მერე ვწვავთ ნარჩენ ბოთლებს და რაღაცეებს… ასე თქვენც გექნებათ სახლის გვერდზე. ეს იმის ბრალია, ახლა რომ თავისუფლად საუბრის უფლება აქვს ყველას და მიშას დროს ვერ ბედავდნენ(?), _ გვითხრა მან.
გრიგოლ კოსტავამ როცა გაიგო, რომ ადგილობრივების მომართვის საფუძველზე ვიმყოფებოდით სოფელ მერიაში, გაბრაზდა:
_რას მეუბნებით, ტუალეტის კარიც მე დავკეტო? ეს სულ ასეა. შედიან, გამოდიან და ტოვებენ. ზამბარაც გავხდე ახლა თუ ავჭედო ტუალეტის კარი?
_ როგორც სოფლის მცხოვრებთა წერილშია აღნიშნული, პრობლემის მოგვარება ადგილობრივთა საქმეა…
_ კარგი, რა, ამაზე მეტი, ნეტავ, არაფერი იყოს საწუხარი. გაკეთდება მომავალ წელს. ეს იცის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ბიუჯეტში შევიდა. დანარჩენი ჰკითხეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურს და ის გეტყვით.
_ გულწრფელად გეკითხებით _ როგორ ძლებთ ამ გარემოში?
_ გაკეთდება მალე. ასეთი წვრილმანის მეტი პრობლემა არ არის დღეს?
რაც შეეხება ამ ანტისანიტარიულ გარემოში "შემოპარულ" და ბაგირებით დამაგრებულ საშაურმეს, რომელიც მოძრავ ვაგონშია განთავსებული, მისი მეპატრონე ლევან გოგოლაური გვეუბნება:
_ კი ყრია ნაგავი, მარა რა ვქნა? მე საშაურმეს წინ ნარჩენებისთვის ვედრო დავდგი. თუმცა, რომ ჭამენ, აგერ, პირდაპირ მინდორში ყრიან ნარჩენებს. მე ფშაველი ვარ, ფოთში ვმუშაობ, ახლახან ჩამოვედი ჩემი ვაგონით და მალე წავალ აქედან, _ გვითხრა მეშაურმე გოგოლაურმა.
"გურია ნიუსი" გარემოს დაცვის სწრაფი რეაგირების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა ემზარ ვაშალომიძემ გვიპასუხა, რომ ახლახან დატოვა ეს თანამდებობა:
_ არ ვიცი, ვინ შეიძლება გააკეთოს კომენტარი. მე უკვე წასული ვარ ამ სამსახურიდან, _ გვითხრა მან.
თუმცა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის გამგეობის ირგვლივ ტერიტორიაზე გამეფებული ანტისანიტარია, რის საგანგაშო სახეცაა დაჭაობებიული, ანტისანიტარიის ბუდედ ქცეული არხები, არავითარ კომენტარს არ საჭიროებს და სასწრაფოდ მისახედია, რომ ტრაგედია არ დატრიალდეს.