თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ ჭინჭარაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე მუხლით, _ აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 12 აგვისტოს, საღამოს საათებში თელავი-ფშაველი-თუშეთის საავტომობილო გზაზე მთათუშეთისკენ ფეხით მიმავალ საქართველოში სტუმრად მყოფ ტურისტს, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს დაემგზავრა მიხეილ ჭინჭარაშვილი. დაახლოებით, 20:00 საათზე, გზის მე-18 კილომეტრზე, მიხეილ ჭინჭარაშვილსა და ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც მიხეილ ჭინჭარაშვილმა ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს, მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში 16 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის რამდენიმე გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მიხეილ ჭინჭარაშვილი 13 აგვისტოს მთათუშეთის გზაზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ ჭინჭარაშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.