ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თელავის რაიონის საბავშვო ბაღების კვების რაციონის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღსაზრდელებს კვებითი რაციონი შეუმცირეს, არ დადასტურდა.
"უკვე დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს. სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა ძალიან ინტენსიურად იმუშავეს და არის რამდენიმე მოცემულობა. პირველი ის, რომ სკოლამდელ, ისევე როგორც სასკოლო დაწესებულებებში, კვების ძირითადი ნორმები და პარამეტრები რეგულირდება 2014 წლის 15 იანვრის მთავრობის დადგენილებით, სადაც ძალიან მკაფიოდაა გაწერილი ეს ყველაფერი. მეორე ის, რომ ჩვენ გადავამოწმეთ, კონკრეტულად რა შემთხვევასთან გვქონდა ადგილი თელავის რაიონის შემთხვევაში. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არ დადასტურდა. კონკრეტულად იქ მოხდა ასეთი რამ – თუკი მთავრობის დადგენილებაში, ან სპეციალისტების რეკომენდაციაში გაწერილია ამა თუ იმ პროდუქტის, მათ შორის, ხორცის, რძის ნაწარმის მინიმალური რაოდენობები დღის განმავლობაში, იქ არ არის გაწერილი კონკრეტული მენიუები. რამდენიმე საბავშვო დაწესებულებაში მოხდა მენიუს ცვლილება. კერძოდ, იმ კვირაში გუფთა შეცვალეს კოტლეტით იმიტომ, რომ ბავშვებს ასე ესიამოვნათ. რაც შეეხება რძის პროდუქტების ამოღებას, ეს არ მომხდარა”, _ განაცხადა სერგეენკომ.
სერგეენკოს თქმით, როცა საქმე ბავშვებს ეხება, ნებისმიერ თემა ძალიან მგრძნობიარეა. მინისტრმა ჟურნალისტებს მოუწოდა ნუ შეეხებიან მსგავს საკითხებს, სანამ საკითხის რეალობაში არ დარწმუნდებია. ამასთანავე, დავით სერგეენკომ მოუწოდა ბავშვთა აღზრდის დაწესებულებებს, მკაცრად დაიცვან მთავრობის დადგენილებით გაწერილი რეგლამენტი და რეკომენდაციები.