სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #4-ე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების რეჟიმის ყოფილი უფროსი თეიმურაზ გოგოლი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ირაკლი ჭითანავა, უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი გოგიტა გაბისონია და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი მთავარი ინსპექტორი ლევან კოდუა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის #4 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, თეიმურაზ გოგოლის, ირაკლი ჭითანავას, გოგიტა გაბისონიას და ლევან კოდუას მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. დადგინდა, რომ აღნიშნული პირები N4 დაწესებულებაში შეყვანისთანავე პატიმრებს აიძულებდნენ გაშიშვლებას, შემდეგ კი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რათა შანტაჟითა და მუქარით პატიმრებს თანამშრომლობაზე თანხმობა განეცხადებინათ. თეიმურაზ გოგოლის, ირაკლი ჭითანავას, გოგიტა გაბისონიას და ლევან კოდუას ქმედებების შედეგად პატიმრებს შეზღუდული ჰქონდათ ოჯახის წევრებთან სატელეფონო საუბრის უფლება, ოჯახის წევრებთან პაემნების ხანგრძლივობა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და საჩივრების მათთვის სასურველ დაწესებულებაში გაგზავნის შესაძლებლობა, ასევე ძილისთვის და გასეირნებისთვის განკუთვნილი დრო.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ თეიმურაზ გოგოლი, ირაკლი ჭითანავა, გოგიტა გაბისონია და ლევან კოდუა პატიმრებს ღამის საათებში სისტემატიურად ამყოფებდნენ ინტენსიური ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა და სტრესის ქვეშ. ისინი გამოჰყავდათ საკნიდან, სცემდნენ სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით და აიძულებდნენ ხმამაღლა ეყვირათ, რათა სხვა საკნებში მყოფი პატიმრები მუდმივი შიშისა და უსიტყვო მორჩილების ქვეშ ყოფილიყვნენ.
თეიმურაზ გოგოლი, ირაკლი ჭითანავა, გოგიტა გაბისონია და ლევან კოდუა პატიმრებს სისტემატიურად აიძულებდნენ წელს ქვემოთ გაშიშვლებას, ბუქნების კეთებას და ბატიფეხურად სიარულს, შემდეგ კი შიშველ მდგომარეობაში მყოფებს დასცინოდნენ. ასევე, აღნიშნული პირები შედიოდნენ პატიმრების საკნებში და ჩხრეკის მოტივით, უმიზეზოდ ყრიდნენ ძირს ნივთებს, წყლით ასველებდნენ და ფეხსაცმელებით აბინძურებდნენ.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „ბ", „დ", „ე", „ზ" ქვეპუნქტებით (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ.) რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენით, ზემოაღნიშნული პირების თანამზრახველები კობა ანთია და ონისე ლაგვილავა ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „ბ", „ე" და „ზ" ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრათ თითოეულს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვათ სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.