სულ მალე სიგარეტის ყიდვისას ნებისმიერი მწეველი იაპონელი ვალდებული იქნება, მაღაზიის გამყიდველს სურათიანი და მიკროჩიპიანი ბარათი წარუდგინოს სრული იდენტიფიკაციისთვის. ასეთი სისტემის შემოღების ინიციატივა იაპონიის თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიებმა გამოთქვეს, რათა არასრულწლოვანებისთვის სიგარეტის ყიდვა კიდევ უფრო გართულდეს.
დაახლოებით 100 წლის წინათ, როცა ამერიკის მრავალსართულიან კორპუსებში აბაზანების დამონტაჟება დაიწყეს, უმრავლესობა ვერც კი ხვდებოდა, რაში იყო საჭირო ეს მოზრდილი თუჯის აუზი. მომავალშიც ბევრმა მაინც ვერ ისწავლა აბაზანით სარგებლობა და იქ ხან ნახშირს ინახავდა, ხან – შეშას, ზოგი კი საერთოდაც, მასში ნაგავს ყრიდა. თუკი სააბაზანოს დიდი ფანჯარა ჰქონდა, საიდანაც მზის სხივები ოთახში კარგად აღწევდა, ამერიკელები აბაზანაში ბოსტნეულს თესავდნენ.
დაუჯერებელია, მაგრამ შესაძლებელი ყოფილა, ადამიანი ცხენზე სწრაფად დარბოდეს. წარმოუდგენელი რეკორდი ბრიტანელმა მარათონელმა დაამყარა, რომელმაც მთელი მსოფლიოს გასაკვირად, ცხენი სირბილში დაჯაბნა. უკვე 25 წელია, რაც უელსში იმართება სპორტული ღონისძიება, რომელშიც ადამიანები ცხენებს ეჯიბრებიან. რაღა თქმა უნდა, ამ ხნის მანძილზე ვერავინ შეძლო, ცხოველისთვის გაესწრო, თუმცა ეს ლოგიკური ჯაჭვი მაშინ დაირღვა, როცა ჰორიზონტზე ბრიტანელი მარათონელი ჰიუ ლობი გამოჩნდა. მან 35-კილომეტრიანი დისტანციის დაფარვას 2 საათი, 5 წუთი და 19 წამი მოანდომა, ყველაზე სწრაფმა ცხენმა კი ფინიშის ხაზი მხოლოდ 12 წუთის შემდეგ გადაკვეთა. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ცხენებმა სტარტი ადამიანების შემდეგ, 15 წუთის დაგვიანებით აიღეს, თუმცა ჰიუ ლობის რეკორდი მაინც უპრეცედენტოდ ჩაითვალა და მას 25 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაეცა.
მიმდინარე ათასწლეულის ყველაზე ხანგრძლივი მზის დაბნელება 2010 წლის 15 იანვარს დაფიქსირდა. ტროპიკული აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე პროცესი 11 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. საინტერესოა, რომ მეცნიერები ამ რეკორდის გაუმჯობესებას მხოლოდ 3043 წელს პროგნოზირებენ.
მზის დაბნელებისას მეტეომგრძნობიარე ადამიანებში ხშირად შეინიშნება მღელვარება და შფოთვა საკუთარი და ახლობლების მდგომარეობის გამო. რა იწვევს ამ უსიამოვნო მოვლენას, სპეციალისტები ვერ ხსნიან, თუმცა ასეთ ადამიანებს ურჩევენ, ზომებს წინასწარ მიმართონ და მზის დაბნელებას მომზადებულები შეხვდნენ, რადგან არსებობს რეალური საშიშროება, რომ მათ ფსიქიკას სერიოზული ზიანი მიადგება.