საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ინფორმაცია საზოგადოებას ცალმხრივად მიეწოდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საიაში განმარტავენ, რომ პროკურატურა ღიად საუბრობს საქმისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა გარემოებაზე მაშინ, როდესაც მამალაძე და მისი ადვოკატები ვერ პასუხობენ საჯაროდ გაჟღერებულ ბრალდებებს.
"დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განზრახ მკვლელობის მომზადებისათვის არის დაკავებული, ამ დრომდე არ ეძლევა საკუთარი პოზიციის საზოგადოებისათვის გაცნობის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა პროკურატურას ანიჭებს უფლებამოსილებას, პროცესის მონაწილე პირები, მათ შორის ადვოკატები, დაავალდებულოს მისი თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნონ საქმეში არსებული ცნობები, დაუშვებელია ეს მექანიზმი დაკავებული პირის ინტერესების საზიანოდ იყოს გამოყენებული. მოცემულ საქმეზე ნათელი ხდება, რომ პროკურატურის მიერ მიღებული ზომები, ბრალდებულს აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ერთის მხრივ, პროკურატურა ღიად საუბრობს საქმისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა გარემოებაზე, ხოლო მამალაძე და მისი ადვოკატები ვერ პასუხობენ საჯაროდ გაჟღერებულ ბრალდებებს.
გარდა ამისა, პოლიტიკური თანამდებობის პირები კვლავაც აგრძელებენ საჯარო განცხადებების გაკეთებას, რომლის შინაარსი ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს უკვე დადგენილად და უტყუარად წარმოაჩენს, რითაც გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.
– მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაცვის მხარეს მოუხსნას დაწესებული შეზღუდვები;
– ასევე, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღონ შესაბამისი ზომები გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების უსაფრთხოების დასაცავად;
– კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, დაიცვან და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და გამონათქვამებისაგან, რაც სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე წარმოაჩენსბრალდებულ პირს დამნაშავედ, ხოლო გამოძიების ვერსიას – დამტკიცებულ ფაქტად", _ აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამავე თემაზე:
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა – საია