ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში დავით მაღულარიას საცხოვრებელ სახლს ხანძარი 7 თებერვალს, ღამის 11 საათზე გაუჩნდა.
სამსულიანი ოჯახი ღია ცისქვეშ დარჩა. ცეცხლის ალი ისე სწრაფად მოედო სახლს, მაშველებმა ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ჯერჯერობით, დაუდგენელია ხანძრის გამომწვევი მიზეზები, თუმცა, დაზარალებული ოჯახის მეზობლების თქმით, ხანძარი, შესაძლოა, ძველი სადენებიდან გაჩნდა.
“ცეცხლი სახლში ჭერიდან გაჩნდა, სავარაუდოდ, დენის გაყვანილობიდან, რადგან ძველია. პირველად გაზისგან გაჩნდა გვეგონა, მაგრამ იმ დღეს გათიშული იყო. პოლიციამ რომ შეამოწმა თქვა, სადენების ბრალიაო“, _ ამბობს მაღულარიას მეზობელი ზორბეგ ბიბინეიშვილი. მისივე თქმით. ოჯახს ელემენტარული ჭურჭელიც არ დარჩა.
“საერთოდ განადგურებულია ყველაფერი, სახლში მარტო დათოს ეძინა. ხანძრის შესახებ რომ გაიგო, გვიანი იყო, ძლივს გამოასწრო, მერე წამში მოედო ცეცხლი ყველაფერს, არაფერი გადარჩენილა, ტანსაცმელიც არ დარჩათ. ოჯახს სოციალური დახმარება არ აქვს. დათო ფიზიკურად მუშაობდა, თურქეთში დადიოდა და წვალობდა. ახლა აპირებს წასვლას, მეტი გზა არაა. განვადებით ჰქონდათ გამოტანილი ახალი გაზი და მაცივარი, ისიც დაიწვა. ოჯახში, მხოლოდ დათოს მზია მუშაობს, აქ სოფელში, მუზზეუმში და 120 ლარი აქვს ხელფასი. შვილი სკოლის მოსწავლეა. საცოდაობაა, რაც აქ მოხდა. გამგეობიდან გვითხრეს, რომ ხის მასალით დაგვეხმარებიან, მარგამ ოთხი თვე დააგვიანდებაო. ოჯახი მეზობლად პატარა სახლში გადავიდა, სადაც არავინ არ ცხოვრობს და მათ მთავრობამ დროებით ქირის გადახდა დაჰპირდა, ჩვენ მეზობლები ყველანაირად მოვეხმარებით“, _ ამბობს ზორბეგ ბიბინეიშვილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ დვაბზუში ვასილ ღლონტი “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დახმარებას დაჰპირდა:
“გამგეობიდან შეამოწმეს ზარალი და დაჰპირდნენ ოჯახს დახმარება ხისა და თუნუქის მასალით, დროებით გადაუხდიან საცხოვრებელი ბინის ქირასაც, რადგან ოჯახს არაფერი დარჩა. დაიწვა ყველაფერი. როცა სახანძროდან მოვა დასკვა, გაუკეთდება 500-ლარიანი დახმარებაც“.